top of page

„მედიახმის“ მორიგი ტრენინგი თბილისში

პროექტის „მედიახმა: მედია - მეტი თავისუფლებისა და ნაკლები თვითცენზურა“ - მორიგი ტრენინგი ჟურნალისტებისთვის თბილისში 4 ივნისს ჩატარდა.


„ამ პროექტის მიზანია გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერა, მედიის სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერება და მხარდამჭერი მედიაგარემოს შექმნა. ჩვენმა კვლევებმა აჩვენა, რომ აუცილებელია მედიაში დასაქმებულ პირთა მედეგობის გაძლიერება თვითცენზურასა და შიშთან გამკლავებაში. ამაში ჩვენ გვეხმარებიან მედიის და სამართლის ექსპერტები“ - აღნიშნა MCERC-ის თავმჯდომარემ, პროფ. მარიამ გერსამიამ.


„მედიახმის“ ტრენერები და ექსპერტები არიან:


• ირინე ქურდაძე, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის (თსუ) დირექტორი, პროფესორი;

• თეონა ცხომელიძე, მედიაექსპერტი და ჟურნალისტი;

• ზურა ვარდიაშვილი, „პუბლიკას“ მთავარი რედაქტორი, ლექტორი;

• თამარ ალექსიძე, საერთაშორისო სამართლის ექსპერტი და ლექტორი (საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი)


"ყველაფერი, რაც მოქმედებს თვითცენზურაზე, ასევე ზეგავლენას ახდენს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე, ინფორმაციის თავისუფლად დინებასა და საზოგადოების ინფორმირების ხარისხზე. თვითცენზურის და ცენზურის ეფექტი მსგავსია: ორივე აჩუმებს ჟურნალისტს, ზღუდავს ინფორმაციის მოდინებას... ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ამცირებს თვითცენზურას, სოლიდარობა - ნიუსრუმსა და საზოგადოებაში შექმნილი მხარდამჭერი გარემოა" - თქვა მარიამ გერსამიამ.


საერთაშორისო სამართლის ექსპერტმა თამარ ალექსიძემ ისაუბრა გამოხატვის თავისუფლების ადგილსა და როლზე.



"გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით განსაკუთრებით მნიშვნელოვნად სახელმწიფოს მოეთხოვება პოზიტიური ვალდებულების შესრულება, მაგ. აქციების დროს, საჭიროების შემთხვევაში, მათ შორის კორდონის უზრუნველყოფა და/ან შესაბამისი უსაფრთხოების ზომების მიღება იმისთვის, რომ მოქალაქის უფლებები იყოს დაცული," - აღნიშნა თამარ ალექსიძემ.


"ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ განაცხადა მკაფიოდ, რომ “პოლიტიკური დისკუსიის შესაძლებლობა დემოკრატიული საზოგადოების კონცეფციის ქვაკუთხედია”. ამ მხრივ სწორედ ბეჭდვის თავისუფლება ანიჭებს საზოგადოებას საშუალებას - შეიტყოს და შეიქმნას წარმოდგენა პოლიტიკური ლიდერების იდეებისა და პოზიციების შესახებ” - განაცხადა "მედიახმის" ექსპერტმა პროფესორმა ირინე ქურდაძემ;



„სოლიდარობა არის სოციალური სამართლიანობის მხარდაჭერა და ერთსულოვნება, რაც გამოიხატება ყველა ინდივიდის ღირსების პატივისცემაში - განურჩევლად მათი რწმენის, კვალიფიკაციისა თუ მიღწევებისა. სოლიდარობის ჟურნალისტიკა სამართლიანად აშუქებს სენსიტიურ თემებს, წარმოაჩენს დაზარალებული ადამიანების ამბებს და სცილდება ჩინოვნიკების ან გარე ექსპერტების მოსაზრებებს ამ ადამიანების ან ჯგუფების შესახებ“ - აღნიშნა MCERC - ის გამგეობის წევრმა, ასოცირებულმა პროფესორმა მაია ტორაძემ.



„მედიახმის“ ექსპერტმა თეონა ცხომელიძემ ისაუბრა თუ როგორ უნდა გავაშუქოთ ადამიანის უფლებები აკურატულად. კერძოდ, თეონა ცხომელიძემ ყურადღება გაამახვილა ფემიციდის გაშუქების სპეციფიკაზე: „ფემიციდის გაშუქების სტანდარტები საკმაოდ მკაფიოა, მაგრამ მათ მედია, როგორც წესი, არ ითვალისწინებს. ფემიციდის შესახებ სიუჟეტზეა დამოკიდებული მაყურებელს შიში გაუჩნდება თუ ბრძოლის უნარი - ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჟურნალისტის პასუხისმგებლობა. ფემიციდი არ არის ჩვეულებრივი მკვლელობა და მის გაშუქებასაც განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება“ - აღნიშნა მან.



„მედიახმის“ ექსპერტმა ზურა ვარდიაშვილმა ისაუბრა თვითცენზურაზე, კრიმინალის გაშუქებასა და სასამართლო პროცესებზე: „მართლმსაჯულებისთვის სამართლიან მოსამართლეზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ეთიკური გაშუქება... უნდა ვიმუშაოთ საჯარო ინტერესისთვის და არა საჯარო ცნობისმოყვარეობისთვის"

- აღნიშნა „პუბლიკას“ მთავარმა რედაქტორმა ზურა ვარდიაშვილმა.




სესიების შემდეგ დისკუსია გაიმართა პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების ურთიერთობასა და იმ პროფესიულ სტანდარტებზე, რომელიც ამცირებს თვითცენზურას.


MCERC აქტიურად თანამშრომლობს მედიაორგანიზაციებთან და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. პროექტ „მედიახმის“ მთავარი პარტნიორები არიან თსუ, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი (Jean Monet Chair / UEUPE), საქართველოს უნივერსიტეტი და მედიაგამოცემა „პუბლიკა“.


MCERC-ის პროექტი „მედიახმა: მეტი თავისუფლება, ნაკლები თვით-ცენზურა მედიაში“ ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.




survey presentation_17 July
bottom of page