top of page

"მედიახმის" ტრენინგები თბილისიდან დაიწყო

პროექტის „მედიახმა: მედია - მეტი თავისუფლებისა და ნაკლები თვითცენზურა“ - ტრენინგები 7 მაისს თბილისიდან დაიწყო. მომდევნო თვეებში, ტრენინგები მედიაში დასაქმებული პირების ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება.


პროექტის მიზანია გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერა მედიის სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერებისა და მხარდამჭერი მედიაგარემოს შექმნის გზით. ასევე, მედიაში დასაქმებულ პირთა მედეგობის გაძლიერება თვითცენზურასა და შიშთან გამკლავებაში.


ტრენინგის თემატიკაა: მედია და თვითცენზურა, გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები და მედია, სოლიდარობის ჟურნალისტიკა. დამატებით, ყოველ ტრენინგზე, ექსპერტები მიმდინარე თვის აქტუალურ თემას განიხილავენ.


„მედიახმის“ ტრენერები და ექსპერტები არიან:

  • ირინე ქურდაძე, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის (თსუ) დირექტორი, პროფესორი;

  • თეონა ცხომელიძე, მედიაექსპერტი და ჟურნალისტი;

  • ზურა ვარდიაშვილი, „პუბლიკას“ მთავარი რედაქტორი, ლექტორი;

  • თამარ ალექსიძე, საერთაშორისო სამართლის ექსპერტი და ლექტორი (საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი).

პირველ შეხვედრას დაესწრნენ გამოცდილი და დამწყები ჟურნალისტები. პროექტი გახსნა

MCERC-ის დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, პროფ. მარიამ გერსამიამ. მან თავისი სესიის ფარგლებში, ისაუბრა თვითცენზურასა და გამოხატვის თავისუფლებაზე, კერძოდ:


  • რა კავშირშია ერთმანეთთან თვითცენზურა და სიტყვის თავისუფლება?

  • როგორ გავიგოთ, რომ თვითცენზურა არსებობს?

  • როგორ და რატომ ჩნდება თვითცენზურა?

  • როგორ ვაგრძნობინოთ ჟურნალისტებს თავი უფრო უსაფრთხოდ?

  • როგორ შევამციროთ თვითცენზურა და მისი მავნე ზეგავლენა ჟურნალისტებზე?

  • რა როლი აქვთ ამ პროცესში სხვადასხვა სტრუქტურებს, ორგანიზაციებს, აქტივისტებს და თავად ჟურნალისტებს?

  • როგორ გავზარდოთ სტრესთან მედეგობა, რომელიც აძლიერებს თვითცენზურას?

მონაწილეებს მიესალმა და პროექტის მნიშვნელობაზე ესაუბრა „მედიახმის“ ექსპერტი, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის (თსუ) დირექტორი პროფ. ირინე ქურდაძე.


მან მოკლედ ისაუბრა გამოხატვის თავისუფლების სამართლებრივი ასპექტების მნიშვნელობაზე. მან მიმოიხილა საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის (თსუ) საქმიანობა და აღნიშნა ინსტიტუტის დამფუძნებლის, ლევან ალექსიძის დამსახურება ინსტიტუტის და ზოგადად საერთაშორისო სამართლის ქართულ აკადემიურ სივრცეში დამკვიდრების კუთხით:

"ლევან ალექსიძემ შექმნა საერთაშორისო სამართლის სკოლა და აღზარდა თაობები, რომლებიც დღესაც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საერთაშორისო სამართლის ასპარეზზე," - თქვა ირინე ქურდაძემ. დისკუსიისას ირინე ქურდაძემ უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს და ვრცლად ისაუბრა ევროკავშირის კითხვართან დაკავშირებულ პროცედურებსა და ადამიანის უფლებების კომპონენტზე.

საერთაშორისო სამართლის ექსპერტმა თამარ ალექსიძემ, სესიის - „გამოხატვის თავისუფლება და მედია“ ფარგლებში, ისაუბრა გამოხატვის თავისუფლების ადგილსა და როლზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში, ევროპულ (სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილ) სტანდარტებზე, ჟურნალისტების და მედიის როლზე დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში და სხვ.


"სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას მედიისთვის ხელშემწყობი გარემო, რომელიც გამოხატვის თავისუფლების და ჟურნალისტების უსაფრთხოების დამცველი იქნება," - აღნიშნა თამარ ალექსიძემ.

მედიაში და მედიის მიმართ სოლიდარობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ასოცირებულმა პროფესორმა და MCERC-ის გამგეობის წევრმა მაია ტორაძემ და ყურადღება გაამახვილა:

  • სოლიდარობის ჟურნალისტიკაზე (ადამიანის უფლებების კონტექსტში, მოწყვლადი ჯგუფების სწორად გაშუქების მნიშვნელობაზე);

  • მედიაორგანიზაციებს შორის სოლიდარობაზე;

  • მედიის მიმართ საზოგადოების მხრიდან მხარადაჭერის მნიშვნელობაზე.


მედიაექსპერტმა და ჟურნალისტმა თეონა ცხომელიძემ ისაუბრა მოწყვლადი ჯგუფების გაშუქების სპეციფიკაზე. სესიის შემდეგ კი, მედიაექსპერტებმა და სამართლის ექსპერტებმა იმსჯელეს მგრძნობიარე და ნეიტრალური ტერმინოლოგიის გამოყენების მართებულობაზე ქვიარ თემის და სხვა უმცირესობების გაშუქების პროცესში.


სესიები გაგრძელდა სითხვა-პასუხის და ცოცხალი დისკუსიის რეჟიმში.


„მედიახმის“ ექსპერტმა ზურა ვარდიაშვილმა, კონკრეტულ მედია შემთხვევებზე დაყდნობით, ისაუბრა კრიმინალის გაშუქების თავისუბურებებზე;


პროექტი “მედიახმა“ ხელს შეუწყობს გამოხატვის თავისუფლების, თვითცენზურის გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და სოლიდარობის ჟურნალისტიკის განვითარებას; გაძლიერდება მედიის პროფესიული მხარდაჭერისა და ურთიერთსოლიდარობის ქსელი; ჟურნალისტები შეძლებენ უფრო აკურატულად, შიშისა და თვითცენზურის გარეშე, გააშუქონ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული თემები.


პროექტის ფარგლებში, 2022-2023 წლებში დაგეგმილია მედიაში დასაქმებულთა ტრენინგები და სემინარები, ფორუმები, სოლიდარობის ჟურნალისტიკის მხარდამჭერი შეხვედრა-დისკუსიები, პოდკასტების სერია და ცნობიერების ამაღლების კამპანიები მთელი საქართველოს მასშტაბით.


MCERC აქტიურად თანამშრომლობს მედიაორგანიზაციებთან და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. პროექტის „მედიახმის“ მთავარი პარტნიორები არიან თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი (Jean Monet Chair / UEUPE), საქართველოს უნივერსიტეტი და „პუბლიკა“.


MCERC-ის პროექტი „მედიახმა: მეტი თავისუფლება, ნაკლები თვით-ცენზურა მედიაში“ ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.


მონაწილეობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა მითითებულ ლინკზე: https://forms.gle/oZYvDkoeLdjQuG6T7



survey presentation_17 July
bottom of page