top of page

სოლიდარობის შეხვედრა-დისკუსია თბილისიდან დაიწყო

"თავისუფლებას მივყავართ თავისუფლებასთან!" ამ სლოგანით, თბილისიდან აიღო სტარტი სოლიდარობის შეხვედრა-დისკუსიებმა, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება. "მედიახმის“ სოლიდარობის დისკუსიის მიზანია მხარდამჭერი მედიაგარემოს გაძლიერება.


დისკუსიას დაესწრნენ „მედიახმის“ ექსპერტები, ჟურნალისტები, ადამიანის უფლებათა დამცველები. ასევე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები: ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველების“ დამფუძნებლები რაფიელ კაკაბაძე და გვანცა სამხარაძე, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის გამგეობის წევრი და აქტივისტი ნინო კალანდია. დისკუსიას მოდერაციას უწევს MCERC-ის თავმჯდომარე პროფ. მარიამ გერსამია.


დისკუსიაზე იმსჯელეს სოლიდარობის ჟურნალისტიკაზე: მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერაზე, სოლიდარობის ფორმებზე, ჟურნალისტების სოლიდარობის ქსელის გაძლიერებაზე, საზოგადოების და მედიის ურთიერთსოლიდარობაზე, მედიასაშუალებებს შორის სოლიდარობის კუთხით არსებულ გამოწვევებსა და გამოსავლის გზებზე და სხვ. დისკუსია წარიმართა Thinkathon-ის რეჟიმში, სადაც დროის მცირე მონაკვეთში მონაწილეები ინოვაციური იდეების გენერირებას ახდენენ.


საინტერესო დისკუსია გაიმართა ირინე ქურდაძის შეკითხვაზე: "არის თუ არა რაიმე სასწავლო კურსი, რომელიც საფუძვლიანად შეასწავლის მომავალ ჟურნალისტებს ადამიანის უფლებებს და მოწყვლადი ჯგუფების გაშუქებას?"

დისკუსიის მონაწილეებმა გამოთქვეს თავისი მოსაზრებები:


რაფიელ კაკაბაძე, დემოკრატიის მცველები: „იქ, სადაც პოლიტიკური პოლარიზებაა, ამოსავალი უნდა იყოს ის, თუ რა გვაერთიანებს და არა ის, თუ რა გვყოფს“ .


გვანცა სამხარაძე, დემოკრატიის მცველები: „სამოქალაქო სექტორსა და ჟურნალისტებს შორის საჭიროა კოორდინირებული მუშაობა, რადგან ჩვენ ერთი საქმე გვაქვს - დემოკრატიის დაცვა და გაძლიერება“


დისკუსიის მონაწილეებმა იმსჯელეს სოლიდარობის ჟურნალისტიკაზე. კერძოდ, როგორ უნდა გაშუქდეს აკურატულად მოწყვლადი ჯგუფების შესახებ ამბები.


ნინო კალანდია, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია: „ახლა მთავარი ინკლუზიაა, რომ ის სტიგმები, რომლებიც არსებობს არ გაღრმავდეს. მოწყვლად ჯგუფებზე მასალა არ უნდა მზადდებოდეს ვინმეს შეცოდების პოზიციიდან. მისასალმებელია, როცა ჟურნალისტი სვამს კითხვებს იმ საკითხებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ იცის... ადამიანის უფლებებზე მუშაობისას, აუცილებელია ავაშენოთ ხიდი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ჟურნალისტებს შორის“


თეონა ცხომელიძე: „გამოსავალი იმაშია, რომ ჟურნალისტები და ამ თემებზე მომუშავე ორგანიზაციები დასხდნენ ერთად და გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ გაშუქდეს პრობლემა სწორად”


პროექტ „მედიახმის“ მთავარი პარტნიორები არიან თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი (Jean Monet Chair / UEUPE) და საქართველოს უნივერსიტეტი.


MCERC-ის პროექტი „მედიახმა: მეტი თავისუფლება, ნაკლები თვით-ცენზურა მედიაში“ ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.


survey presentation_17 July
bottom of page